“ეს არის შვიდი ევროპარლამენტარის და არა ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, ამიტომ, ნებისმიერი სახის სანქციაზე ან რაიმე შეზღუდვაზე საუბარი ნაადრევია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, შვიდი კი არა, ერთი პარლამენტარიც რომ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას მოსაზრება გათვალისწინებული იყოს.
„როცა გუშინდელ განცხადებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია, რომელიც ძალიან საყურადღებოა. ეს არ არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, ამიტომ, ნებისმიერი სახის სანქციაზე ან რაიმე შეზღუდვაზე საუბარი ნაადრევია და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება ამ წერილსა და მის პასაჟს, კარგად გვესმის, რომ ისინი არათუ წუხან ამ პრობლემაზე, არამედ ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ და ფიქრობენ, რა შეიძლება იყოს ეს დამატებით. სამწუხაროა, რომ წერილში გარკვეული უზუსტობა ვნახე, რომელსაც არათუ ვერ დავეთანხმები, არამედ რეალობაა, იგულისხმება კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის მოშველიება და იქვე რიგგარეშე არჩევნების ხსენება. დანიელსონს თავის შემოთავაზებაში რიგგარეშე არჩევნები მითითებული არ ჰქონდა. ახალი მოსაზრების გაჩენა და იმის მითითება, რომ ეს დანიელსონის დოკუმენტში იყო აღნიშნული, უბრალოდ უზუსტობაა და ამას თავად დანიელსონიც დაადასტურებს. შვიდი კი არა, ერთი პარლამენტარიც რომ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია ყველას მოსაზრება გავითვალისწინოთ, მაგრამ შვიდი იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება და ამაზე სპეკულირება არ არის სწორი“, – განაცხადა კუჭავამ.
ევროპარლამენტარები გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.