ეკონომიკის საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, თბილისში განვითარებული მოვლენები, რომელიც რუსი ჟურნალისტისა და პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება, ეკონომიკაზე გავლენას იქონიებს.
ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„ტურიზმი, რომელიც ბოლო წლებში ლარის კურსისა და ზოგადად ვალუტის შემოდინებების მკვებავი წყარო იყო, დღეს არათუ გაჩერებულია, არამედ პოლიტიკური ვითარების გამო კარგავს შანსს, წელს შემოსავლები მივიღოთ. მხედველობაში მაქვს ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია პოზნერის ცნობილ ვიზიტსა და იქ მოწყობილ გამოსვლებთან, დემარშთან დაკავშირებით. ამან შეიძლება, ეკონომიკაზე საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა იქონიოს. ვფიქრობ, ეს საქართველოში რუს ტურისტებს შეამცირებს. სხვათა შორის, ყველაზე დიდი მოთხოვნა, იგივე სასტუმროების დაჯავშნა, სწორედ ამ მიმართულებას ჰქონდა. სავარაუდოდ, თუ ეს ნაკადები შეწყდა, სულ მცირე, მილიარდ დოლარამდე შემოსავლებს დავკარგავთ. ეს მოვლენები მარტო რუსულ ტელეარხებზე არ გადაიცემა, რუსებს საკმაოდ ბევრი უცხოენოვანი მედიასაშუალება აქვთ, რომლებიც აჩვენებს, თუ რა ხდება საქართველოში. ეს ფორმდება ისე, რომ საქართველოში ტურისტებს დევნიან. ეს ზეგავლენას უცხოელი ტურისტების შემოდინებაზეც იქონიებს. საუბარი მხოლოდ რუსული ტურისტული ნაკადების ჩაკეტვაზე არაა, ეს მთლიანობაში ნეგატივია ყველა იმ ტურისტული მიმართულებებისა, რომელიც შეგვეძლო, ამ წელს მიგვეღო.
მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი აქციები ქვეყანამ თავიდან აიცილოს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, თბილისში რუსი ჟურნალისტისა და პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლა გააპროტესტეს.
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი, პოზნერი თბილისში დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო საპროტესტო აქციები სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გამართეს. პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი დაგეგმილზე ადრე დატოვეს.