9 აპრილს, ევროპის მოედანზე დაანონსებული მდუმარე შეკრების გამართვის მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფმა თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა
საინიციატივო ჯგუფმა, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ხელმძღვანელობით, თბილისის მერიაში 9 აპრილს ევროპის მოედანზე დაანონსებული მდუმარე შეკრების გამართვის მოთხოვნით განცხადება შეიტანა. ისინი რამდენიმე საათით საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ.
საინიციატივო ჯგუფის წევრის განმარტებით, 9 აპრილს საქართველოს მარადისობის დღე დაფუძნდება, რომელიც საზოგადოების ინტერესებსა და მოთხოვნებს გაითვალისწინებს.
,,9 აპრილი იქნება ცივი ბრძოლა, ჩვენ არ ვაპირებთ იქ ვინმეს ცემას, კარვების დაფხრეწასა და ა.შ, გამოვხატავთ იმას, რომ ეს ადამიანები, ფანჩატური – ,,ნაციონალური მოძრაობა”, თავისივე სამჭედლოში ჭედავენ უბედურებას. 9 აპრილი იქნება ყველას დასანახად ნათქვამი სიტყვა, რომ ადამიანები და ხალხი არის მთავარი ისეთ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენ ვართ”, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას 9 აპრილს დაგეგმილი მდუმარე აქციისა და საქართველოს მარადისობის დღის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.