მიანმარში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 510-მდე გაიზარდა
მიანმარში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 510-ს მიაღწია.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მიანმარის პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია (APPZ) ავრცელებს.
აღინიშნება, რომ 5 თებერვლიდან – სამხედრო ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის დაწყების დღიდან 29 მარტამდე მიანმარში დემონსტრანტებსა და სამხედროებს შორის შეტაკებების შედეგად 510 ადამიანი დაიღუპა.
APPZ ყოველდღიურად ანახლებს მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ, 29 მარტის მდგომარეობით, დაპატიმრებულთა საერთო რაოდენობამ 2 574-ს მიაღწია. ასოციაციაში ხაზს უსვამენ, რომ ეს რიცხვი მხოლოდ იმ პირთა მონაცემს ასახავს, რომლებიც ოფიციალურად დააკავეს, ბრალი წაუყენეს. რეალურად კი, დემონსტრაციების შედეგად დაკავებულთა რიცხვი ბევრად დიდია.
მიანმარის ბევრ ქალაქში ბარიკადული ბრძოლები მიმდინარეობს. მომიტინგეების დასაშლელად სამხედრო და პოლიცია იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და სამხედრო ცეცხლსასროლ იარაღს. მომიტინგეები აშენებენ ბარიკადებს, აფარებენ მათ თავს და ძალოვანებს ქვების სროლით პასუხობენ. მიანმარის უსაფრთხოების ძალები რეგულარულად ატარებენ ღამის რეიდებსა და ჩხრეკას იმ მომიტინგეების დასადგენად და დასაკავებლად, რომლებიც დღის განმავლობაში ფოტო- და ვიდეოკადრებით იყო იდენტიფიცირებული. ასეთი რეიდების დროს დაკავებული ადამიანების ადგილსამყოფელი უცნობია.
მიანმარის შეიარაღებულმა ძალებმა სამოქალაქო მთავრობა დაამხეს და პირველ თებერვალს ხელისუფლება აიღეს, დააპატიმრეს სამოქალაქო ლიდერები, მათ შორის, მიანმარის პრეზიდენტი – ვინ მიინტი და სახელმწიფო მრჩეველი (დე- ფაქტო პრემიერმინისტრი) – აუნგ სან სუ ჩი.