სერგი კაპანაძე – კუბილიუსის განცხადებაზე: არ მგონია, ვინმეს ეგონოს, რომ ბიძინასა და მიშას ისეთი კარგი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთში, დასხდებიან და კრიზისის განმუხტვის გზებზე შეთანხმდებიან
“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, არასერიოზულია იმაზე საუბარი, თითქოს, მოლაპარაკების მაგიდასთან მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაჯდომა კრიზისის განმუხტვას ხელს შეუწყობს.
“არ მიმაჩნია, რომ ახლა რაიმე ფორმატის გამოგონება, ივანიშვილისა და სააკაშვილის შეხვედრა შეიძლება იყოს უფრო მეტად მომგებიანი და განმმუხტველი სიტუაციის, ვიდრე დღეს არის. არ მგონია, არსებობდეს ადამიანი ამქვეყნად, ვისაც ჰგონია, რომ ბიძინასა და მიშას ისეთი კარგი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთში, რომ დასხდებიან ერთ მაგიდასთან და ამ კრიზისსა და მისი განმუხტვის გზებზე შეთანხმდებიან. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი სერიოზული იყოს”, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა.