“გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა ყველაფერს გაიგებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო დღესვე გაიმართება.
“გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა ყველაფერს გაიგებს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, არ მოეწერა ხელი ან მოეწერა ხელი, ორივე შემთხვევაში, საზოგადოება გაიგებს დეტალებს, გაიგებს ჩვენი საუბრების შინაარსს.
ახლა მივდივართ პარტიაში და პოლიტსაბჭო დღესვე გაიმართება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდა. „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარემ – არჩილ თალაკვაძემ, პარტიის თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ და პარტიის წევრმა – შალვა პაპუაშვილმა მიიღეს.