ირაკლი კობახიძე: დანიელსონთან შეხვედრაზე სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი განვიხილეთ
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი იქნა განხილული.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და კრისტიან დანიელსონს შორის მორიგი შეხვედრა დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.
“ჩვენ მადლობა გადავუხადეთ დანიელსონს საქართველოში მეორედ ჩამოსვლისა და ძალისხმევისთვის. ჩვენ გვქონდა დღეს კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი. დღეს, 6 საათზე კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება დანიელსონთან. ხვალ კი, სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდა. „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარემ – არჩილ თალაკვაძემ, პარტიის თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ და პარტიის წევრმა – შალვა პაპუაშვილმა მიიღეს.