თამარ გაბუნია: ვაქცინაციის პროგრამა უკვე იხსნება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე, 65 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერი მოქალაქისთვის
“ვაქცინაციის პროგრამა უკვე იხსნება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე, 65 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერი მოქალაქისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული.
„დღეს განიხილება კიდევ ერთხელ დეტალები იმისთვის, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი იყოს უსაფრთხო. 25 მარტიდან იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა პორტალზე 65 წლის ზემოთ პირებისთვის. ვაქცინაციის პროგრამა უკვე იხსნება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე, 65 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერი მოქალაქისთვის. როგორც კი „ფაიზერი“ ჩამოვა ქვეყანაში, უმოკლეს ვადებში მოხდება მისი ასახვა სისტემაში და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის. თავდაპირველად, ხდება არჩევანი ვაქცინებს შორის და შემდეგ გამოჩნდება ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს ვაქცინაციისთვის. ბუნებრივია, არჩევანი გარკვეულწილად შეზღუდულია. სულ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზა არის 29 250, ამდენად, 14 400 ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარანტირებული ხარისხი ორივე ვაქცინასთან მიმართებაში.
ამ ეტაპზე, ვაქცინაციაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკა იქნება ჩართული. დღეს მოწვეული არიან დიდი კლინიკები, რომლებიც ჯერ პროგრამაში ჩართულნი არ არიან, თუმცა სამომავლოდ, როდესაც დაგვჭირდება პროგრამის გაფართოება, ეს კლინიკებიც მზად არიან, რომ მოაწყონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ვაქცინაციისთვის. „ვაქცინაციის ცენტრებისთვის პირობები რამდენადმე განსხვავებულია „ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებით. აქ არის მოთხოვნები მოსაცდელ ოთახთან, შესასვლელთან, შოკის საწინააღმდეგო მზაობასთან დაკავშირებით. უნივერსალური მოთხოვნები შოკის საწინააღმდეგო მზაობისთვის აქვს ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე ნებისმიერ დაწესებულებას. ეს არ შეეხება მხოლოდ „კოვიდ 19“-ის ვაქცინებს. რა თქმა უნდა, საუბარია მაცივრის პირობებზე, განსაკუთრებით – „ფაიზერის“ შემთხვევაში. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც იქნება ამ მოთხოვნებში არის 30 წუთის ნაცვლად, 45 წუთით დაყოვნება“, – განაცხადა გაბუნიამ.