ვაშლიჯვრის მოსახლეობა პეტიციასა და განცხადებას ავრცელებს

ვაშლიჯვრის მოსახლეობა პეტიციას და განცხადებას ავრცელებს. ადგილობრივები მოითხოვენ, გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობაზე და შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი მეწყრის საშიშროების შესასწავლად.

„ვაშლიჯვრის მოსახლეობა მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოაცხადონ მორატორიუმი ვაშლიჯვრის უბანში ნებისმიერი ტიპის კორპუსების მშენებლობაზე: არ გაიცეს არც ერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება.

ასევე, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაუწიონ კოორდინაცია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი გეოლოგები და სხვა საჭირო სფეროს ექსპერტები (და არა სამთავრობო სფეროში დასაქმებული გეოლოგები, რომლებსაც, როგორც დავინახეთ, ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ დასკვნებზე აქვთ ხელი მოწერილი) და ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, საჯარო იყოს ამ ჯგუფის წევრების ვინაობა და მათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოიკვლიონ ლისის ქედი სრულად.

ხაზგასმით მოვითხოვთ, გამოკვლეული იყოს როგორც დაზიანებული ფერდი, ასევე მთის სრული ნაწილი და არა მხოლოდ ის ადგილი, რომელზეც უკვე აღმოჩენილია ნაპრალები. აღნიშნული პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდებოდეს თითოეულ ნაბიჯზე ინფორმაცია. ამ პროცესის აუცილებელ ნაწილად მიგვაჩნია სპეციალურ ჯგუფში მოსახლეობის ჩართულობა, ისევე როგორც მოვითხოვთ კვლევების შედეგების საჯარო განხილვებს.

რაც შეეხება დაზიანებულ ფერდს რომელზეც არის ნაპრალები, მოვითხოვთ, ზემოაღნიშნული ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით, სასწრაფოდ, თანამედროვე სტანდარტებით გამოკვლეულ იქნას ფერდის სტაბილურობა და მასზე დამონტაჟდეს მონიტორინგის სისტემები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება ფერდზე მიმდინარე პროცესებს. ხოლო მერიამ აწარმოოს ლისის ქედის 24-საათიანი მონიტორინგი, რომლის შესახებაც მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ დასრულდება და გასაჯაროვდება ექსპერტიზის პასუხები, რომლებიც დაადასტურებს იქ პროცესის გაგრძელების უსაფრთხოებას. ვაშლიჯვრის მოსახლეობის კიდევ ერთი მოთხოვნაა, კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.

რამდენიმე დღეა, ვაშლიჯვრის მთლიანი მოსახლეობა ენით აღუწერელ შიშში ვცხოვრობთ ლისის ქედზე აღმოჩენილი საგანგაშო მეწყრის გამო. მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებს და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება – რა დასკვნებზე დაყრდნობით. მერიის მიერ პირველ დღებში გავრცელებული ინფორმაცია რომ „გერმანელი ექსპერტები ჩამოდიან” არის უკიდურესად ზოგადი და ის არ შეიცავს შიშის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის დამაიმედებელ ან რაიმე მიმართულების მომცემ ინფორმაციას. ჩვენ ვითხოვთ პროცესის მაქსიმალურად გასაჯაროებას, საფრთხის კომპეტენტურ ანალიზს, ყოველდღიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ინფორმაციის გაცვლას ამ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებთან“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ადგილობრივები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ:

1. გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.

2. დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.

3. მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.

4. შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.

5. შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები