საქართველოში ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება
საქართველოში ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჯავშანი, რომელიც სამედიცინო სფეროს მუშაკებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში.
„გუშინდელმა შემთხვევა დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა ზუსტად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ამდენად, ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენ კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში. 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და, ყველა პირობასთან ერთად, რაც როგორც ამბულატორიაში, ასევე სტაციონარებში არის უზრუნველყოფილი აქ არის კიდევ რეანიმაციული განყოფილება, რაც იძლევა გარანტიას, რომ ჩარევა იქნება დროული“, – განაცხადა გაბუნიამ.