თამარ გაბუნია: დღეს დამატებით ჩატარდება გამოკვლევები, რომ ეს დიაგნოზი, ანაფილაქსიური შოკი დადასტურდეს
“დღეს დამატებით ჩატარდება გამოკვლევები, რომ ეს დიაგნოზი, ანაფილაქსიური შოკი დადასტურდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დღესთან“ 27 წლის ექთნის გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მთავარია, რომ მიზეზშედეგობრივობის დადგენა სწორედ წარიმართოს.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია და დიდი დანაკარგია ოჯახისთვის, ჩვენთვის, უბრალოდ, სიტყვაც არ მყოფნის, რამდენად მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი. დღეს დამატებით ჩატარდება გამოკვლევები, რომ ეს დიაგნოზი, ანაფილაქსიური შოკი დადასტურდეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ კომისია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად მიზეზშედეგობრივობის დასადგენად იმუშავებს, სრულად იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა მონაცემები გვაქვს.
სამწუხაროა, რომ ჩვენთან პირველივე კვირაში დადასტურდა მსგავსი რეაქცია, თუმცა, ხდება ასეთი რეაქციები და ამდენად ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ მიზეზშედეგობრივობის დადგენა სწორედ წარიმართოს, ვიცოდეთ ზუსტი პასუხი იმაზე, რეალურად, უკავშირდებოდა თუ არა ეს შემთხვევა ვაქცინაციას“, – განაცხადა გაბუნიამ.
27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა.