გიორგი ხელაშვილი: ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ, გაემიჯნონ რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს

“ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ გაემიჯნონ რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს, შეწყვიტონ კონფრონტაციული რიტორიკა და მიიღოს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ხელაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტსა და დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

„ბორელის განცხადებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მან ასევე დაბეჯითებით აღნიშნა, რომ პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება საქართველოში დემოკრატიის ფუნქციონირებას, რომ პარლამენტის გვერდის ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი და ამით მოუწოდა ოპოზიციას, შეიკავოს თავი კონფრონტაციული რიტორიკისაგან და სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობაში. საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა ამგვარად თანხმდება, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, ხოლო კომპრომისები აუცილებელია. საქართველოს პრემიერ- მინისტრის ბრიუსელის ვიზიტმა კიდევ უფრო გაზარდა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციის მხრიდან ამ ფაქტს ანტიდასავლური პროპაგანდის მორიგი ტალღა მოყვა. სამწუხაროა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლეთის გზავნილები ოპოზიციის ვიწროპარტიულ მოლოდინებს არ ამართლებს, ევროკავშირისა და ამერიკის წარმომადგენლები ავტომატურად ხდებიან თავდასხმის ობიექტები. მსგავსი ქცევა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსისთვის ცალსახად დამაზიანებელია და, მით უმეტეს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის ძიების პროცესში ყოვლად დაუშვებელია. ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ გაემიჯნონ რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს, შეწყვიტონ კონფრონტაციული რიტორიკა და მიიღოს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები