დავით ბაქრაძე: მივიღე გადაწყვეტილება, პარტიის სახელით არ მივიღო მონაწილეობა დღევანდელ მოლაპარაკებებში, პარტიას წარმოადგენს გიგა ბოკერია
“მივიღე გადაწყვეტილება, პარტიის სახელით არ მივიღო მონაწილეობა დღევანდელ მოლაპარაკებებში, პარტიას წარმოადგენს გიგა ბოკერია”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მან განმარტა, რატომ არ მიიღებს მონაწილეობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან დღევანდელ შეხვედრაში.
„მინდა, წინასწარ განვმარტო მიზეზი, რატომ არ მივიღებ მონაწილეობას დღეს ბატონ დანიელსონთან ჩანიშნულ მოლაპარაკებებში. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების ყველა შეხვედრის კონკრეტულ შემადგენლობას განსაზღვრავს ევროპული მხარე, როგორც პროცესის მედიატორი და მასპინძელი. სწორედ მათი გადაწყვეტილებაა, დღევანდელ შეხვედრაში ყველა პარტია მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენლით.
ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად, ასეთ მომენტში წარმოვადგენდე პარტია „ევროპულ საქართველოს“, რომლის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ვაცნობე საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა თხოვნით, პარტიის აპრილის ყრილობამდე ჯერ კიდევ ვითავსებ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, პარტიიდან ფაქტობრივად უკვე წამოსული ვარ და აღარ ვერევი პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში.
ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, პარტიის სახელით არ მივიღო მონაწილეობა დღევანდელ მოლაპარაკებებში. პარტიას წარმოადგენს გიგა ბოკერია, რომელიც, როგორც ცნობილია, აპირებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერად დარჩენას“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.