სასტიკად ნაწამები მსხვერპლის ოჯახი რუსეთში გამოძიების დაწყებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს

ჩაქუჩის მრავალჯერადი ჩარტყმა, თავის მოჭრა, სამხედრო ნიჩბით ხელების მოკვეთა, ფეხებით  ღობეზე დაკიდება და შემდეგ ცეცხლის წაკიდება – ეს იმ წამების მეთოდებია, რომელთა გამოც ახლა მსხვერპლის ოჯახი რუს დაქირავებულ მებრძოლებს უჩივის.

2017 წელს სირიაში სასტიკად ნაწამები და მოკლული მამაკაცის ძმამ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო ორგანოს  მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყება   მოსთხოვა, რადგან სწორედ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების კვალი იკვეთება ამ სასტიკ დანაშაულში.

მოკლულის ძმას მიაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით.

„რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფოს მოვალეობაა, გამოიძიოს რუსეთის მოქალაქეების ის დანაშაულებები, რომლებიც მათ საზღვარგარეთ ჩაიდინეს. საგამოძიებო კომიტეტს ამ დრომდე არ დაუწყია ამ მკვლელობის გარემოებების გამოძიება იმის მიუხედავად, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიიღო”, – განაცხადა დაღუპული მუჰამედ ე.-ს ძმის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ილია ნოვიკოვმა.

ასევე, სასტიკად ნაწამები მსხვერპლის  ძმა  ითხოვს „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების შემოწმებას სხვა სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებითაც.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა შოკისმომგვრელი ვიდეოჩანაწერი, სადაც მამაკაცის წამება სრულად ჩანს. რამდენიმეწუთიან ჩანაწერში მკაფიოდ ისმის რუსულად საუბარი – ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი ჩაქუჩით უსწორდება მსხვერპლს, მას აჭრიან თავს, სამხედრო ნიჩბით კვეთენ ხელებს, ფეხებით კიდებენ ღობეზე და შემდეგ ცეცხლს უკიდებენ. ეს ყველაფერი კი სიმღერისა და სიცილის ფონზე ხდება. არაბული მედიის ინფორმაციით, მოკლული მოჰამედ ტაჰა ისმაილ ალ-აბდულაა. ის სირიის სამთავრობო არმიაში იყო გაწვეული, საიდანაც გაიქცა, მაგრამ დაიჭირეს. მკვლელობა, სავარაუდოდ, 2017 წელს სირიის პროვინცია ჰომსში მოხდა.

2020 წელს Новая Газета-მ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ბისტრიკინს მიმართა თხოვნით, დაწყებულიყო ვიდეოჩანაწერისა და ფაქტის შემოწმება, რადგან, სავარაუდოდ, იკვეთებოდა რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობა მომხდარში, მაგრამ საგამოძიებო უწყებამ რედაქციას პასუხიც კი არ გასცა. რედაქციის მიმართვაში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ იმაზე, რომ სწორედ რუსული კომპანია „ვაგნერის“ წევრებმა ჩაიდინეს ეს უსასტიკესი სამხედრო დანაშაული. Новая Газета-მ  ამ თემაზე გამოაქვეყნა არაერთი სტატია და ჟურნალისტური გამოძიებაც. რედაქციამ შეძლო ამ მკვლელობის ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილის ვინაობის დადგენაც. ჟურნალისტების დასკვნით, ერთ-ერთი მამაკაცი, რომლის სახეც ვიდეოკადრებში კარგად ჩანს,  30 წლის სტანისვლავ დიჩკოა და ის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ 2016 წელს მსახურობდა.

„ვაგნერი“ არაოფიციალური  დანაყოფია, რომელიც რუსეთის სამხედრო უწყებების ბალანსზე არ არის და იურიდიული პირების რეესტრში არ იძებნება, მაგრამ მრავალი მტკიცებულებებით დგინდება, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები  სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსულ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას იღებდნენ. ასევე, „ვაგნერელები“ აფრიკულ ქვეყნებში სამთავრობო და სამრეწველო ობიექტებს იცავენ,  ინსტრუქტაჟს უტარებენ და წვრთნიან ადგილობრივ სამხედროებს. რუსი დაქირავებული მებრძოლების კვალს მიაკვლიეს  ნიგერიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კონგოს რესპუბლიკაში, ზიმბაბვეში, ეგვიპტესა და გვინეაში, სადაც რუს ბიზნესმენებს ენერგეტიკული პროექტები აქვთ. „ვაგნერის“ მთავარ დამფუძნებლად და სპონსორად მიჩნეულია ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი – ევგენი პრიგოჟინი. ევროკავშირმა პრიგოჟინი სანქციების სიაში შეიყვანა და ლიბიაში იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. დიდი ხანია, კომპანია “ვაგნერს“ „პუტინის ფარული არმია“ შეარქვეს. „ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლები მოქმედებენ ყველგან, სადაც პრეზიდენტ პუტინის ინტერესებია – იქ, სადაც რუსეთის სახელმწიფო ჯარის გამოჩენა არ აწყობთ. „ვაგნერის“ არსებობას ოფიციალური მოსკოვი არ აღიარებს, შესაბამისად, არანაირ პასუხისმგებლობას დაქირავებული მკვლელების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე ან მათ დაღუპვაზე არ იღებს.

ახლა კი ძალიან საინტერესო  პროცესი იწყება, რადგან სირიაში ნაწამები მამაკაცის ოჯახი ამ სასტიკი დანაშაულის გამოძიებას ოფიციალურად ითხოვს და მის ინტერესებს იცავს რუსეთში ცნობილი ადვოკატი, ამიტომაც, ეს ხმა რუსულ დეზინფორმაციულ ხმაურში არ ჩაიკარგება. საინტერესოა ისიც, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო, რომელიც დღემდე „უჩინარი მკვლელების“ იმედზეა.

შოთა გარსევანიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები