თამარ ტალიაშვილი – “საქართველოს შეუძლია და უნდა იყოს ევროპა რეგიონში”

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი მიიჩნევს, რომ გლობალური პროცესები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, შეასრულოს ისტორიული მისია და რეგიონში გახდეს ევროპა.

აღნიშნული განცხადება დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„პოლიტიკური დაძაბულობისა და დისკუსიების, ხელოვნური და ბუნებრივი კრიზისების მიღმა დასაფიქრებელი და კარგად დასანახია ჩვენი ქვეყნისათვის ისტორიული მნიშვნელობის მომენტი. გლობალური პროცესებიდან, ასევე ყარაბაღში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას გულისხმობს, საქართველოს აძლევს განსაკუთრებულ დატვირთვას და იმავდროულად შესაძლებლობას, შეასრულოს თავისი ისტორიული მისია. საქართველოს შეუძლია და უნდა იყოს ევროპა რეგიონში. საქართველოს მზაობაზე ევროინტეგრაციისთვის დღეს უმაღლესი რანგის შეხვედრებს მართავს პრემიერმინისტრი ევროკავშირის დედაქალაქში, ბრიუსელში. წარსადგენი განხორციელებული რეფორმა ბევრი გვაქვს, ასევე, საქართველოს არსებითი პროგრესი ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გზაზე ეტაპობრივად აღიარებულია ევროკავშირის ანგარიშებში. სწორედ ამ მზაობიდან და პარტნიორების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ გამწვავებებს გადავაყოლოთ ეს ისტორიული მომენტი. ჩვენმა ხალხმა აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ, მიუხედავად დესტრუქციული ძალების მცდელობისა, სახეზეა საერთო სახალხო თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური უთანხმოება ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, ამისათვის არსებობს პარლამენტი. გავუფრთხილდეთ ჩვენს მიღწევებს. ჩვენ ვჭირდებით საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს და ჩვენ ვჭირდებით მათ ძლიერი პარტნიორის სახით”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები