ხათუნა სამნიძე: იმედია შევძლებთ, რომ კრიზისი გადაიჭრას
“დღევანდელი შეხვედრა იყო სერიოზული, რადგან ყველა საკითხზე დაწვრილებით ვისაუბრეთ”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სამნიძის თქმით, მოლაპარაკებების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.
„დღევანდელი შეხვედრა იყო სერიოზული, რადგან ყველა საკითხზე დაწვრილებით ვისაუბრეთ. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული იმ თვალსაზრისით, რომ უკვე კონკრეტიკაზეც შევძელით საუბარი. მე ვარ პოზიტიურად განწყობილი, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს, რაც ნიშნავს შეთანხმებას ამ ძალიან რთულ ვითარებაში და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კომპრომისს. შეთანხმება ნიშნავს კომპრომისებზე წასვლას და კომპრომისი ყოველთვის ეკუთვნის მოლაპარაკების ორივე მხარეს. ამიტომ, მაქვს იმედი, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ჩვენ შევძლებთ, რომ კრიზისი გადაიჭრას და შევძლებთ ერთად მუშაობას“, – განაცხადა სამნიძემ.