ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კრისტიან დანიელსონის თბილისში ვიზიტი წარმატებული და შედეგის მომცემი იქნება, – ამის შესახებ მან სამხრეთ კავკასიის შესახებ გამართულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, შიდაპოლიტიკურად საქართველოს ბევრად მეტი შეეძლო. ვწუხვარ ბოლო თვეებსა და კვირებში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. იმედი მაქვს, რომ ბატონი დანიელსონი წარმატებას მიაღწევს და შედეგს მალე დავინახავთ, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და შემდეგ შევძლოთ საქართველოს დანახვა რეგიონის მთავარ მამოძრავებელ ძალად, ასევე, მედიატორ ძალად მთიან ყარაბაღში, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში და ქართველების ევროპული მისწრაფების მამოძრავებელ ძალად. ჩვენ ევროპარლამენტში ძალიან ხშირად განვაცხადეთ, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ვთხოვთ, უფრო გონივრულად მოიქცნენ, არ მოახდინონ ბლოკირება, ბოიკოტი. ასევე, არ გამოიყენონ ადმინისტრაციული ძალა არჩევნების დროს უპირატესობის მოსაპოვებლად”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭორს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება, პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მართავს.