დავით სერგეენკო – ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე: ამაზე პოლიტიკური შეფასებები და ჩემი შთაბეჭდილებების მოყოლა ზედმეტია
“ჩემი შეხედულებით, ბერა ივანიშვილმა ის დააფიქსირა, რომ თუკი მისი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, ამაზე მომავალშიც გააკეთებს რეაგირებას. ამაში რამე განსაკუთრებული არ მგონია, რომ იყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ ბერა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გავრცელებული ჩანაწერები 11 წლის წინანდელია და ეხება მოზარდს და არა – საჯარო მოხელეებს.
„მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიით ვრცელდება, რომ ეს შემთხვევა მოხდა 11 წლის წინ, რომელშიც მონაწილეობდა 16 წლის მოზარდი და დანარჩენი ადამიანები არ იყვნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები. რამდენადაც ვიცი, ყველა მათგანმა გააკეთა განმარტება და ვფიქრობ, ამაზე პოლიტიკური შეფასებები და ჩემი შთაბეჭდილებების მოყოლა ზედმეტია. მე ვერ გავაკეთებ დასკვნას, უნდა აღძრულიყო თუ არა საქმე, რადგან არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი. უნდა ვაცადოთ, სახელმწიფო ინსტიტუციებსა და სპეციალისტებს აკეთონ თავისი საქმე. ზოგადად, არასრულწლოვნის კი არა, სრულწლოვანის საუბრის ჩაწერაც მიუღებელი და ამაზრზენია “, – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული ჩანაწერები 2011 წლის ზაფხულის პერიოდს ასახავს, როცა ის 15-16 წლის იყო.
მისივე თქმით: “დღესაც იმქვე პოზიციაზე ვდგავარ – თუ ვინმეს დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. ერთი ქართველი კაცი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა”.