სერგი კაპანაძე: არ შევწყვეტთ აქციებს, ამასთანავე, მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები მივიდეს ბოლომდე
“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციის საპროტესტო აქციები გაგრძელდება და ეს საზოგადოებაში დაგროვილი პროტესტის გამოხატვა იქნება.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციების პარალელურად, ისინი მოლაპარაკებების ბოლომდე მისაყვანად მზად არიან.
“არ შევწყვეტთ აქციებს და საზოგადოებაში დაგროვილი პროტესტი იქნება გამოხატული, ოღონდ მივიღეთ გადაწყვეტილება, ისეთი საპროტესტო აქციები არ გვქონდეს, რომ ფიზიკურ კონტაქტში იყოს ან პოლიციასთან, ან “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან, რომ არ მოხდეს რაიმე გაუგებრობა და საბაბი არ მიეცეს ხელისუფლებას, როგორც მათ ეს გუშინ გააკეთეს, რომ აქტივისტები დააკავოს. ამასთანავე, მზად ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები მივიდეს ბოლომდე. ჩვენი ამოცანაა, რომ უახლოეს დღეებში, როდესაც შედგება რაუნდი, შევთანხმდეთ საკითხებზე და უკვე ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს გამართვისთვის გვქონდეს კონკრეტული შეთანხმება”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.