მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის გზავნილები – გამოვნახოთ ძალა, რომ დავიწყოთ შედეგზე ორიენტირებული დიალოგი
“მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის გზავნილები – გამოვნახოთ ძალა, რომ დავიწყოთ შედეგზე ორიენტირებული დიალოგი”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სიტუაცია დაძაბულია და ყველა მხარემ კომპრომისი უნდა გამონახოს.
„ამ ვიზიტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იმ ფონზე, რა სიტუაციაც არის დღეს საქართველოში, მაშინ როდესაც პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან დიალოგი გვიჭირს, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და გვჭირდება, ყველა მხარემ გამოვნახოთ კომპრომისი იმისთვის, რომ მოვახდინოთ დეესკალაცია.
ევროკავშირის მესიჯიც ზუსტად ეს არის, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება მოხდეს, ნორმალიზებული პოლიტიკური პროცესი, ბუნებრივია, მიმდინარეობს საკანონდებლო ორგანოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის გზავნილები, რომ გამოვნახოთ ძალა, რათა დავიწყოთ შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში და პოლიტიკურ პროცესებს გადმოიტანს საკანონდებლო ორგანოში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.