გიორგი ხანიშვილი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) LEADER პროექტების დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) LEADER პროექტების დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო. მონაწილეებმა პროექტების საბოლოო შედეგები განიხილეს. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული აღნიშნული პროექტების საშუალებით, შესაძლებელი გახდა, საპილოტე მუნიციპალიტეტებში შექმნილიყო ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები და წარმატებით განხორციელებულიყო დაგეგმილი აქტივობები.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ახალქალაქში, დედოფლისწყაროში, ქედასა და ხულოში პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა (GIPA, HEKS-EPER, CENN, Caritas CR) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროცესების დაგეგმვასა და შეფასებაში. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთელ რიგ ინსტიტუციურ ცვლილებებს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდასა და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ყველა მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლები და LEADER პროექტების განმახორციელებლები ესწრებოდნენ.