ნიკოლოზ სამხარაძე: ნიკა მელიას დაპატიმრებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილია
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია.
მისივე შეფასებით, გამომდინარე იქედან, რომ ციხეში ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა, ეს ყველა ქვეყანაში შეშფოთების საფუძველი იქნებოდა.
„ნიკა მელიას დაპატიმრებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია. გამომდინარე იქედან, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში, ეს, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში შეშფოთების საფუძველი იქნება. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ისე არ იქცევიან, როგორც – საქართველოში. ამიტომ, კრიტიკა მოსალოდნელი იყო და ნაწილობრივ ჩვენთვის მისაღებიც კი შეიძლება, იყოს, თუმცა, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე რომ არ იქცეოდნენ, ასე უხეშად და თავხედურად რომ არ იწვევდნენ კანონს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს, ამისთვის საჭიროა დიალოგი, კონსტრუქციულობა და ამომრჩევლის ნების გათვალისწინება”, – განაცხადა სამხარაძემ.