გიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიაში ვერც ვერაფერს დაამტკიცებენ მათი პოზიციების სასარგებლოდ, ამიტომ, სავარაუდოდ, ამის გამო უარს ამბობენ ამ პროცესში მონაწილეობაზე
“ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც წესით უკვე კომისიაში უნდა იყოს შემოსული და ამ ეტაპამდე არ მიუღია გადაწყვეტილება, სურვილის შემთხვევაში, მომავალშიც ექნება შესაძლებლობა, კომისიას შემოუერთდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
გიორგი კახიანის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარი მიუთითებს, რომ ე.წ. გაყალბების თემა არარეალური, არამედ მათი მოგონილია.
„დღეს კომისია დაკომპლექტდა ოთხი წევრის შემადგენლობით. ორი იქნება ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელი, ორი სახელისუფლებო ჯგუფი, მაგრამ კომისია ყველასთვის გახსნილია. ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც წესით უკვე კომისიაში უნდა იყოს შემოსული და ამ ეტაპამდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება, სურვილის შემთხვევაში, მომავალშიც ექნება შესაძლებლობა, კომისიას შემოუერთდნენ, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ.
ბუნებრივია, კომისიაში ვერც ვერაფერს დაამტკიცებენ მათი პოზიციების სასარგებლოდ. ამიტომ, სავარაუდოდ, ამის გამო უარს ამბობენ ამ პროცესში მონაწილეობაზე. თუმცა, მათ ნებისმიერ დროს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ კომისიის წევრები იყვნენ. ძალაშია ჩვენი შეთავაზება – თუნდაც ერთპროცენტიანი ცდომილება მაინც რომ დადგინდეს, ჩვენ მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.