გიორგი ხელაშვილი: საერთაშორისო მოწოდებების ძირითადი პათოსი მიმართულია არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ – დაპირისპირების შემცირებისკენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, საერთაშორისო მოწოდებების ძირითადი პათოსი მიმართულია არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ – დაპირისპირების შემცირებისკენ.

მისივე თქმით, დასავლეთის მოწოდებები დიალოგისა და კრიზისის გადაწყვეტის გზების ძიებას შეეხება.

„საქართველოში არ არის მარტივი ვითარება. გუშინ პრემიერის მოულოდნელმა გადადგომამ კიდევ უფრო გაზარდა აღქმა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. ვფიქრობ, ეს აღქმები ამ შემთხვევაში გადაჭარბებულია. რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების მოთხოვნებს, თხოვნებს, რეკომენდაციებს, ხაზი უნდა გაესვას, რომ კარგია, საქართველო არის მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში. ჩვენს პარტნიორებსაც და მოწინააღმდეგეებსაც ძალიან აინტერესებთ, საით წავა საქართველო და ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა მყარად წავიდეს იმ გზით, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული.

რაც შეეხება ბოლო დღეების გამოხმაურებებს, ბუნებრივია, პოლიტიკური კრიზისი დასავლეთში შეშფოთებას იწვევს, სწორედ ქვეყნის მდგომარეობის გამო. ამ მოწოდებების ძირითადი პათოსი არ არის მთავრობის, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული. პათოსის არსია პოლარიზაციის, დაპირისპირების შემცირება, საითკენაც ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ოპოზიციას. უპირველესად, ეს მოწოდებები შეეხება ამ დიალოგისა და კრიზისის გადაწყვეტის გზების ძიებას პარლამენტში. ჩვენ ვართ კომუნიკაციაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი რჩევები, თხოვნა და რეკომენდაცია“, – განაცხადა ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები