დავით ბაქრაძე: მივესალმები ევროკავშირის ელჩის პოზიციას ნიკა მელიას დაკავებაზე
“ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და მივესალმები ევროკავშირის ელჩის პოზიციას”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
დავით ბაქრაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავებით ქვეყანაში დესტაბილიზაციის, პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ახალი ტალღა დაიწყება.
“ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და მივესალმები ევროკავშირის ელჩის პოზიციას. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ელჩი პრაქტიკულად ამბობს იგივეს, რასაც ვამბობთ ჩვენ. ნიკა მელიას დაკავებით ამ ქვეყანაში დაიწყება დესტაბილიზაციის, პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ახალი ტალღა და ქვეყანა დაშორდება სიმშვიდეს და იმ კრიზისიდან გამოსვლას, რომელიც ყველას უნდა უნდოდეს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც არავინ არ ენდობა სასამართლოს და ყველამ იცის, რომ სასამართლო დღეს შეასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ტვირთი არის სწორედ “ქართულ ოცნებაზე”, რომ პოლიტიკური დაკვეთა იყოს არა მელიას დაკავებაზე და ამით ქვეყანაში არეულობის შემოტანაზე, არამედ პოლიტიკური დაკვეთა იყოს მეტი სიმშვიდისკენ ნაბიჯების გადადგმაზე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეს დიდი გავლენა ექნება პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო ენის გამონახვა.