მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის არმოხსნის არანაირი საფუძველი არ არსებობდა

“ნიკა მელია ამბობს, რომ სახელმწიფოებრიობას იცავდა, როცა პარლამენტში შერბოდა. ესაა სპეკულაცია, რომელიც გათვლილია იმ საზოგადოებაზე, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ.

მისი თქმით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის არმოხსნის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

,,ნიკა მელია ამბობს, რომ სახელმწიფოებრიობას იცავდა, როცა პარლამენტში შერბოდა. ესაა სპეკულაცია, რომელიც გათვლილია იმ საზოგადოებაზე, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. თუ ვინმე ამ პროცესებს ოდნავ ობიექტურად დააკვირდება, ვერცერთ სამართლებრივ არგუმენტს ვერ დადებს, თუ რატომ არ უნდა დაეჭირა დღეს საქართველოს მხარი ამისთვის.

ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ გადის კანონის ჩარჩოებიდან, უარს აცხადებს გირაოს შეტანაზე, რომელიც სასამართლოს მიერ აქვს დაკისრებული. ამ დროს, მისთვის იმუნიტეტის არმოხსნის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ჩვენ ვხედავთ სპეკულაციურ, რუსულ ნარატივს. ორი დღის წინ ეს ნარატივი იყო გაყალბებული არჩევნები. როცა აქ აბსოლუტურად წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ამას მიხვდნენ, უკვე დაიწყეს გავრილოვის „მესიჯბოქსის“ შემოტანა. გუშინ  „ნაცმოძრაობის“ ორი მედიასაშუალება მიმართავს თხოვნით გავრილოვს ჩასაწერად. ანუ დახმარებისთვის მიმართეს გავრილოვს, მათი ახალი „მესიჯბოსქსის“ კვალდაკვალ. „ნაცმოძრაობას“ ისევ გავრილოვი გამოუჩნდა მაშველ რგოლად, რათა თავისი მესიჯი გაემყარებინათ. გავრილოვი არის იქ, სადაც არის „ნაცმოძრაობა“ მათი პროვოკაცია და დესტაბილიზაცია. ამ ადამიანის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების გაღიზიანებას. ხალხი თავადაც აკეთებს ანალიზს და ესაა ძალიან მთავარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები