ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის ინტერვიუ – რა გაკეთდა გენდერული თანასწორობის მიმართულებით ასპინძის მუნიციპალიტეტში და რა ღონისძიებები ხორციელდება

საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში, 2016 წელს შესული შესწორებების თანახმად, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვას ავალდებულებს, თვითმმართველობების საკრებულოებში აუცილებელი გახდა გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა. მერიებს კი აპარატებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მოხელის თანამდებობის დამატება დაევალათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დავინტერესდით, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით ასპინძის მუნიციპალიტეტში და საკრებულოს თავმჯდომარეს – მამუკა მელიქიძეს გავესაუბრეთ.

ბატონო მამუკა, როდის შეიქმნა თქვენს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო და რა ღონისძიებებს ახორციელებთ ამ მიმართულებით?

პირველ ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ასპინძა ერთ-ერთია იმ 14 მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას შეუერთდა.

მოგეხსენებათ, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ 2006 წლის მაისში შექმნილი დოკუმენტი, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, არ გამოვტოვეთ ათეა-ს შეთავაზება და მოხარულები ვართ, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ჩვენც მოვაწერეთ ხელი.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო 2018 წელს შეიქმნა და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად წარმართავს მუშაობას. აღნიშნულ საბჭოს თავად ვხელმძღვანელობ და ჩემს კოლეგებთან ერთად ვზრუნავ, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იყოს ისეთი საკითხები, რომლებიც გენდერული თანასწორობის პრინციპებსა და მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მიმდინარე პერიოდში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მუშაობს პრაქტიკულ სახელმძღვანელოზე, რომელზე დაყრდნობითაც დავგეგმავთ ახალ გრძელვადიან სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას, რაც კიდევ უფრო მეტად ეფექტიანს გახდის ჩვენს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით.

ათეა-ს დოკუმენტი, რომელიც, საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მუშავდება, გენდერული თანასწორობის საკითხებზე, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერასა და ადგილობრივ დონეზე, აღნიშნული მიმართულებით არსებული ამოცანების მიღწევაში დახმარებას ისახავს მიზნად.

აქვე, ხაზი მინდა, გავუსვა გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (GIZ) და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობასაც, რომლის ფარგლებშიც, ასპინძის მუნიციპალიტეტში განხორციელდა გენდერული აუდიტი და რომლის დასკვნის საფუძველზეც, მოგვეცა საშუალება, რომუფრო ნათლად დაგვენახა არსებული გამოწვევები და დაგვეწყო მათი გადაჭრის გზების ძიება.

რა ღონისძიებები განხორციელდა თქვენს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის?

2018 წლის 10 აგვისტოს დამტკიცდა 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რის საფუძველზეც, ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, მერიამ სამი ათასი ლარი გამოყო, მომდევნო წლებში კი თანხა გაიზარდა და, შესაბამისად, გავზარდეთ აქტოვობების რაოდენობაც.

2018-2020 წლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების პრევენციის თემებს დაეთმო.

სამიზნე ჯგუფებად შერჩეულნი იყვნენ – საკრებულოს დეპუტატები, მერის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები.

მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლიდერი ქალების გამოვლენის მიზნით, ჩატარდა სასწავლო სემინარები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა.

ასევე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ასპინძის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისთვის „გენდერული ბიუჯეტირების“ თემაზე ჩაატარეს ტრენინგები.

აქტიურად ვმართავდით ღონისძიებებს ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებშიც. ვხვდებოდით მოსახლეობას და ვავრცელებდით ინფორმაციული ხასიათის ბროშურებს სლოგანით – ,,შენ გიცავს კანონი’’, რომლებიც, ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით იყო დამზადებული.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმაც და მოქალაქეებს ადამიანის უფლებების დაცვის სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, 2019 წლის 1 მაისიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან (კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE)) თანამშრომლობით, ასპინძის მუნიციპალიტეტში, 26 თვიანი პროექტის ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით (WEE)’’ განხორციელება დაიწყო.
მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინიციატივების ანალიზისა და თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის კვლევის მიზნით, პროექტის – „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართეს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც. შეხვედრის სამიზნე ჯგუფს, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები წარმოადგენდნენ.

2015 წლიდან, ასპინძაში ფუნქციონირებს – „ქალთა ოთახი”, რომლის მიზანსაც, ქალებისთვის საჭირო ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, გენდერული თანასწორობის საკითხებში ქალთა ცნობიერების ამაღლება და აგრეთვე, მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალთა მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენს.

დაინტერესებულ პირებს, ასევე, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ სასურველი ინფორმაცია აღნიშნულ სივრცეში არსებული ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის გამოყენებით. ამასთან ერთად, შეხვედრების მოწყობის მიზნით, სივრცით სარგებლობა შეუძლიათ არასამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც, რაც თავის მხრივ, ქმნის დამატებით სარგებელს ქალთა ოთახის ვიზიტორებისთვის ინფორმაციისა და სხვადასხვა იდეების გაზიარების კუთხით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დაინიშნა ქალთა ოთახის მენეჯერი.

არის თუ არა ქალთა წარმომადგენლობა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში?

რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წინა წლებთან შედარებით, ქალთა წარმომადგენლობა გაზრდილია, რომლებიც აქტიურად მართავენ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ბენეფიციარებს დროულად აწვდიან ინფორმაციას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის, იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება და ასევე, ინფორმაციას იმ სერვისების შესახებ, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის ერთ-ერთი ფორმის-ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის პრევენციას ემსახურება.

როგორი იყო 2020 წელი?

რაც შეეხება 2020 წელს, მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ და რეგულაციებმა ბევრი რამ შეცვალა და ჩვენც ახალი რეალობის წინაშე დავდექით. თუმცა, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სწორედ ამ მიზეზით წარმოქმნილი გარემოებებისა და კოვიდ 19-ის გავლენის შესამსუბუქებლად, არა ერთი ღონისძიება განხორციელდა და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტის განხორციელებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები