მაკა ბოჭორიშვილი რიინა კალიურანდს შეხვდა – მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ლევან ქარუმიძე ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდენენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აღნიშნა. კომიტეტის თავმჯდომარემ ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. გამოითქვა მზადყოფნა, მომავალშიც ხელი შეუწყონ ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, დარგობრივი და ხალხთაშორისი თანამშრომლობის განვითარებასა და ევროინტეგრაციის კუთხით ესტონური გამოცდილების გაზიარებას.

კომიტეტის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩს დეტალურად გააცნო საქართველოს გეგმები 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პრიორიტეტებსა და ამ კუთხით საქართველოს მოლოდინებს. თავის მხრივ, რიინა კალიურანდმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე შესაძლებელი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე ორიენტირებული ხელშესახები შედეგების მიღწევა.

შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. გამოითქვა იმედი, რომ კონსენსუსი მიიღწევა და ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები