რა საფრთხეს უქმნის კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „შეთანხმებული“ საერთო სოციო-ეკონომიკური სივრცის ფორმირების გეგმა ოფიციალურად გამოქვეყნდა. დოკუმენტი რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების ვებგვერდებზე 2020 წლის 25 ნოემბერს  აიტვირთა. ეს უკანონო დოკუმენტი უამრავ სარისკო პუნქტს მოიცავს, თუმცა, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი 37-ე მუხლია. ის ოკუპირებული აფხაზეთის კანონმდებლობის რუსულთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. უფრო ზუსტად, „უცხოელი აგენტების“ სტატუსის განსაზღვრის წესს შეეხება.

საქმე ისაა, რომ 2020 წლის დეკემბერში რუსეთის დუმამ „უცხოელი აგენტების“ კანონში ცვლილებების განხორციელებას დაუჭირა მხარი. ამ გზით პოტენციური „აგენტების“ სია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გადაწყდა, რომ ინდივიდები, მათ შორის, უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც რაიმე გზით რუსეთის პოლიტიკურ მოვლენებში ერთვებიან ან ფედერაციის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესახებ ინფრომაციას აგროვებენ, შესაძლოა, სახელმწიფომ „აგენტებად“ მიიჩნიოს.

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა მაშინვე შემოჰკრეს განგაშის ზარი, რადგან საკანონმდებლო ცვლილებებმა სახელმწიფო მანქანას თავისუფალი აზრის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭა. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონში ცვლილებები 2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოელ აგენტებად“ შეფასების ნორმატიულ აქტს კიდევ უფრო აფართოებს. ახლა კრემლს ფიზიკური პირების, მათ შორის, სოციალური მედიის მომხმარებლებისა და ბლოგერების უსამართლოდ დაკავების საშუალებაც გაუჩნდა.

საკითხს რომ მივუბრუნდეთ, რატომ არის 37-ე მუხლი ასეთი სარისკო ოკუპირებული აფხაზეთისთვის? იმიტომ, რომ თუ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდება, მაშინ ზემოთხსენებული წესი საქართველოს მიტაცებულ რეგიონზეც გავრცელდება. არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონში ერთადერთ და უკანასკნელ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენენ დასავლურ სამყაროსთან. ზოგიერთი აფხაზური ორგანიზაცია გაერო-სთან თანამშრომლობს ან საერთაშორისო დონორებისგან იღებს დაფინანსებას. ახლა ამ ადამიანებსა და მათ საქმიანობას უდიდესი საფრთხე ემუქრებათ. ისინი შეიძლება, კრემლის მოგონილი კანონებით აფხაზეთში „უცხოელ აგენტებად“ შერაცხონ.

2008 წლიდან  პუტინი ცდილობს, აფხაზეთი მაქსიმალურ იზოლაციაში მოაქციოს, რათა ოკუპირებულმა რეგიონმა ხსნა მხოლოდ დიად ჩრდილოელ მეზობელში დაინახოს. აფხაზებმა არ უნდა იცოდნენ, რომ მსოფლიოში ადამიანები ყველგან  უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე – რუსეთში. ოკუპირებული რეგიონის მკვიდრებამდე ვერ უნდა მიაღწიოს ინფორმაციამ იმ უამრავი შესაძლებლობის შესახებ, რომელიც აფხაზეთს ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად ექნებოდა საქართველოსთან ერთად და არა – მის გარეშე. ამიტომ, ახლა კრემლს სურს, ის  ფანჯარაც დახუროს, საიდანაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობით განვითარებული სამყაროს მინიმალური ნაწილი ოკუპირებულ რეგიონში აღწევდა.

კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და „უცხოელი აგენტების“ სტატუსის შესახებ რუსული სამართლებრივი რეგულაციების გადმოტანა ოკუპირებულ რეგიონში, სამოქალაქო სექტორს ამოსუნთქვის საშუალებას აღარ მისცემს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ისედაც არ ეძლევა მანდატის შესრულების საშუალება, საოკუპაციო ძალები მისიის წევრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებენ. არც ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს შეუძლიათ ადგილზე მუშაობა. ახლა ცივილურ სამყაროსთან უკანასკნელი კავშირიც გაწყდება და ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისში მყოფი რეგიონის მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ყველაფერი ეს კი, რა თქმა უნდა, დიადი რუსეთის მიზანი და დამსახურებაა.

სოფიო კობეშავიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები