თეა წულუკიანი: უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ სტრატეგიულ მაღლობზე, თხემზე ატარებდნენ ქვეყნის საზღვარს და თმობდნენ დავით გარეჯს ეს ადამიანები

“უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ სტრატეგიულ მაღლობზე, თხემზე ატარებდნენ ქვეყნის საზღვარს და თმობდნენ დავით გარეჯს ეს ადამიანები”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ,,ქართულმა ოცნებამ” სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ოპოზიციონერების განცხადებები არ დააკმაყოფილა.

„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არ ვუწყვეტთ უფლებამოსილებას და ყველაფრის ფასად გვინდა, რომ ეს ბავშვების ციხეში ჩამყრელები, გამაუპატიურებლები, თავისუფლებააღკვეთილი პირების დამრჩაგვრელები, ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორია კიდევ უფრო დააპატარავეს და დალის ხეობა ჩააბარეს რუს ოკუპანტს და არამხოლოდ, ყველაფრის ფასად გავხადოთ დეპუტატები. უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ სტრატეგიულ მაღლობზე, თხემზე ატარებდნენ ქვეყნის საზღვარს და თმობდნენ დავით გარეჯს ეს ადამიანები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის გვერდზე იძებნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები