სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან ონლაინშეხვედრა გაიმართა

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან ონლაინშეხვედრა გაიმართა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში, დიტმირ ბუშატისთან ონლაინშეხვედრა გამართა. პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ქართველმა კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ უკანონოდ ახორციელებს „ეფექტურ კონტროლს” და, ამ მხრივ, არანაირი ცვლილება არ შეინიშნება. საუბარი ასევე შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების მნიშვნელობას. მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება. როგორც აღინიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ორივე ქვეყანასთან აქვს კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა, მნიშვნელოვანია საქართველოს როლი სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დასაწყებად. შეხვედრისას, ასევე ისაუბრეს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს, პარლამენტის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტის გეგმა გააცნო. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა აგრეთვე, მიმოიხილეს და ხედვები გაცვალეს ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები