თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ოლივერ ბეხტთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებისა და მისი იმპლემენტაციის პრიორიტეტად დაყენებას მიესალმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროპასა და საქართველოში კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში წარმოქმნილ სირთულეებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობის პრინციპების მიდგომით მათი გადაწყვეტის გზებსა და პერსპექტივებს.

ოლივერ ბეხტიმ თამარ ტალიაშვილის ინიციატივა დადებითად შეაფასა, რომელიც კომიტეტში ახალგაზრდობის გაძლიერების საკითხებსა და კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით მოკვლევის დაწყებას ითვალისწინებს. ამ საკითხზე საპარლამენტო ასამბლეის სესიების ფარგლებში ანგარიშის წარდგენა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები