თეა წულუკიანი – კარტოგრაფების საქმეზე: წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რათა ბრალდებულებისგან მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება
“წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რათა ბრალდებულებისგან მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მიმართ.
„ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობისას და დღესაც, ვიყავით და ვართ მოწმენი იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვგონია, თითქოს, პირი თუ არის წინასწარ პატიმრობაში, ეს არის საბოლოო განაჩენი. სინამდვილეში, წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რათა ბრალდებულებისგან მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. შესაბამისად, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, გირაოთი ჩაანაცვლოს წინასწარი პატიმრობა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოსამართლე იღებს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი კრიტერიუმით – კვლავ საჭიროა თუ არა ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისთვის. „ქართული ოცნება“ იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მიმართ. თუკი დღეს აღმოჩნდება, რომ ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შედეგად გამოძიებამ მიიღო იმის მტკიცებულებები, რომ ბრალდებულები ასრულებდნენ ვიღაცის დავალებებს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სხვა მიზნებისთვის მათი პატიმრობაში ყოფნა იყოს დასაბუთებული, ან მოსამართლემ ჩათვალოს, რომ გამოძიება გავიდა ბოლოში და შესაძლებელია, რომ ეს პირები საბოლოო განაჩენს ციხის გარეთ დაელოდონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.