უკრაინის დაზვერვა: მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებს იყენებს, როგორც ინსტრუმენტს ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოსაყვანად
უკრაინის დაზვერვის სამსახურმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ბიულეტენი, სახელწოდებით „თეთრი წიგნი“ მოამზადა, რომელშიც საუბარია რუსეთზე, როგორც უკრაინის მთავარ საფრთხეზე, ასევე, მიმოხილულია მოსკოვის გეოპოლიტიკური, რეგიონული გეგმები და ამბიციები.
რეგიონალურ კონტექსტში, ბუნებრივია, ნახსენებია შავი ზღვის რეგიონი, ნატო-სთან დაპირისპირება და გაყინული კონფლიქტები, მათ შორის, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ “კრემლის სტრატეგიული კურსი ითვალისწინებს მოწინააღმდეგის საზღვრებთან ან მათი უშუალო ინტერესების ზონებში კრიზისის შექმნას”.
“სწორედ რუსეთის ჰიბრიდული მეთოდი განაპირობებს ახალი “ნაცრისფერი ზონების” შექმნასა და რეგიონულ არასტაბილურობას, იქნება ეს მოლდოვა, ბელორუსი, ბალტიის ქვეყნები, ცენტრალური აზია, ახლო აღმოსავლეთი, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები.
ამ კონტექტსში უნდა იყოს განხილული რუსეთის პერმანენტული მცდელობები, რომ რეგიონულ უსაფრთხოებაზე გავლენა ინსტიტუციონალური ფაქტორებით მოახდინოს, კერძოდ, კოლექტიური უსაფრთხოების ქვეყნების ჩათრევა საკუთარ სამხედრო ავანტურებში (სირია, დონბასი), ასევე, საერთო ფორმატების გამოყენებით, იქნება ეს ერთობლივი სწავლებების გამართვა, თუ ჰაერსაწინააღმდეგო ეროვნული სისტემების გაერთიანება და სხვა.
გარდა ამისა, რუსეთი მანიპულაციებისა და სამხედრო პროვოკაციებისთვის იყენებს ნატო-ს მზაობას “მტკიცე მხარდაჭერა” აღმოუჩინოს უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას. ამ ჭრილში კრემლი შავი ზღვის რეგიონს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან პლაცდარმს, ანექსირებული ყირიმის მილიტარიზაცია კი, შავი ზღვის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსში საკვანძო როლს ასრულებს, კერძოდ, რეგიონში ნატოს-თვის სამოქმედო თავისუფლების შეზღუდვებით. მისი მთავარი მიზანია – რუსეთი შავი ზღვის რეგიონში დომინანტი ქვეყანა გახდეს.
მოვლენები, რომლებიც მიმდინარეობს მოლდოვაში (დნესტრისპირეთი), საქართველოში(აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი), ასევე, აზერბაიჯანსა და სომხეთში(მთიანი ყარაბაღი) მეტყველებენ იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონის გაყინული და ღია კონფლიქტებით მანიპულირებას. კრემლი იყენებს მათ, როგორც ინსტრუმენტს ამ ქვეყნებში ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოსაყვანად და ამ ქვეყნების დაბრუნებას საკუთარი გავლენის ორბიტაზე, ამასთან, ფარისევლურად სთავაზობს მათ საკუთარ “მშვიდობისმყოფელებს”.
ამასთანავე, რუსეთის საზღვრების ირგვლივ არსებული ტურბულენტობა და პუტინის რეჟიმის წინაშე მდგარი გამოწვევები, რუსეთის შიდა ელიტებს შორის დაპირისპირებას ზრდის. საუბარია, რუსულ ეკონომიკაზე დაწოლაზე, რომელიც მოსკოვის მიერ წარმოებულ სამხედრო ავანტურებს უკავშირდება, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში “კურატორობაზე” კონკურენციაზე, ასევე მოსახლეობის პროტესტის ზრდასა და ელიტებსა და რეგიონებს შორის წინააღმდეგობების ზრდაზე.
გარდა ამისა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ტურბულენტობა უკვე გახდა “ევრაზიული” ფორმატების ღრმა ინსტიტუციონალური კრიზისის კატალიზატორი, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, “ევრაზიული” გაერთიანებებზე დაყრდნობით კრემლის გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელება,რომელიც ამა თუ იმ ფორმით, “საბჭოთა კავშირი2″-ის აღდგენას გულისხმობს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.