მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთება არის უკვე ის კონკრეტული ნაბიჯი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საბოლოო მიზნის მიღწევაში
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარისა და ევრონესტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ბრიუსელში პირველი ვიზიტი შეაჯამა.
„შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი ევროპარლამენტარების საკმაოდ დიდ ჯგუფს. მთავარი მიზანი იყო მათთვის გამეცნო ჩვენი ხედვები საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, ვინაიდან არჩევნებამდე „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში, ხოლო შემდეგ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაში გაჟღერდა, რომ 2024 წელს საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. ბუნებრივია ამას სჭირდება ასოცირების შეთანხმების წარმატებით შესრულება”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელში ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, საქართველოს ხელისუფლება მიდის სწორი გზით ევროინტეგრაციის გზაზე და ხორციელდება ყველა ის რეფორმა რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაძლიერებას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით შეხვედრებისას, საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში საქართველოს მხარდაჭერის მობილიზებას, როგორც ბრიუსელში ასევე, ევროპის დედაქალაქებში, ვინაიდან ევროკავშირში გაწევრიანებას სჭირდება ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვსაუბრობთ ევროკავშირში ინტეგრაციაზე თუმცა, წევრობის განაცხადის გაკეთება არის უკვე ის კონკრეტული ნაბიჯი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საბოლოო მიზნის მიღწევაში. მოხარული ვარ რომ ევროპარლამენტარების მხრიდან არის მზაობა დაგვეხმარონ. იყო კონკრეტული რჩევები იმასთან დაკავშირებით თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის რომ ამ მიზანს მიაღწიოს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრებისას საუბარი შეეხო იმ მიმართულებებს, სადაც შეიძლება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, თანამშრომლობა გაძლიერდეს ევროკავშირთან, თუ რა სფეროებია ისეთი, სადაც შეიძლება მეტი რესურსი ჩაიდოს რათა საქართველომ მეტი სარგებელი მიიღოს ევროკავშირთან ურთიერთობაში.
„ერთი ეს არის ევროკავშირის ბაზრის უკეთ ათვისება ჩვენი ბიზნესისთვის, ჩვენი მეწარმეებისთვის და ამ მიმართულებით რა შეიძლება გაკეთდეს რომ ხელი შევუწყოთ იმ შესაძლებლობებს, რაც საქართველოს მიენიჭა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობით ევროკავშირთან. მეორე ძირითადი მიმართულება, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ეს არის განათლება, მეცნიერება, ინოვაციების სფეროში თანამშრომლობა, ვინაიდან აქ არის ბევრი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს მივცეთ მეტი შესაძლებლობა რომ უკეთ გამოვიყენოთ ევროკავშირის ბაზრით მონიჭებული სიკეთეები”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ჩვენი ევროპელი კოლეგები განსაკუთრებული ინტერესით ადევნებენ თვალს ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, რაც მათთვის შეშფოთების საგანია.
„ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით. ამ მიმართულებით გასულ კვირას ევროპარლამენტის მსჯელობდა ორ მნიშვნელოვან თემაზე – ეს იყო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრობლემატიკა და გამოწვევები ევროპარლამენტის ორივე რეზოლუციაში იქნა ასახული. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ ერთხმად მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები დანახული იქნა ევროპული უსაფრთხოების სურათში და კონტექსტში”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, დაინტერესება ასევე არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით.
„ევროპარლამენტარებისთვის ცალსახად, გაუგებარია და მიუღებელია ბოიკოტის ენა. არა ერთხელ გაჟღერდა შეხვედრებზე რომ ისინი მოელიან ქართველი ამომრჩევლის ნების შესრულებას და ჩვენი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის სრულად ფუნქციონირებაში თავისი წვლილის შეტანას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.