“ეკლესიებში მრევლის ნაკლებობა შეინიშნება” – მამა შოთა ორველაშვილი ნინოობის დღესასწაულზე

საქართველოს ეკლესიებში, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, მრევლის ნაკლებობა შეინიშნებოდა.

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით “კვირას”  მამა შოთა ორველაშვილი ესაუბრა.

როგორც მან ,,კვირასთან” საუბარში განაცხადა, ეკლესიებში მრევლის ნაკლებობა შეინიშნება და ამის გამო დისტანციის დაცვაც კი აღარ გახდა საჭირო.

,,ჩვეულებრივად ტარდება წირვა-ლოცვა საქართველოს ეკლესიებში. მე დღეს კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღვავლინე პარაკლისი, ხოლო მეორე – კაჭრეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ჩატარდა წირვა.

პანდემიას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს, ვინაიდან დღესაც მრევლის ნაკლებობა შეინიშნებოდა, იმდენად ცოტა იყვნენ, რომ დისტანციის დაცვის აუცილებლობაც არ იყო. გილოცავთ ნინოობას და შეგეწიოთ”, – განაცხადა მამა შოთა ორველაშვილმა.

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინო საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლად ითვლება. ის ავადმყოფებს კურნავდა, სწორედ მან განკურნა დასნეულებული დედოფალი ნანა. მანვე კერპთაყვანისმცემელი მირიან მეფე და ნანა დედოფალი ქრისტიანობისკენ მოაქცია.

წმინდა ნინო გარდაიცვალა 338 წლის 27 იანვარს (ძველი სტილით 14 იანვარს) კახეთში. გადმოცემის თანახმად, ქართველთა განმანათლებლის სიკვდილით დამწუხრებულმა მირიან მეფემ განიზრახა წმინდანი მცხეთაში გადმოესვენებინა და სვეტიცხოვლის წინ დაეკრძალა, მაგრამ ორასმა კაცმა ვერ დასძრა ის მცირე საკაცე, რომელზედაც წმინდა ნინო აღესრულა.

წმინდანი დაკრძალეს ბოდბეში, მთელი სამეფო კი მას ოცდაათი დღე გლოვობდა. მირიან მეფემ წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილას ეკლესია ააშენა, ხოლო ნანა დედოფალს ანდერძით დაუბარა, რომ სამეფო სალარო ორად გაეყო და ერთი ნაწილი წმინდა ნინოს საფლავისთვის შეეწირა, რადგან ამ ადგილს დიდება არ მოჰკლებოდა. მთავარეპისკოპოსს კი მეფემ სთხოვა, რომ ამ ადგილის პატივსაცემად დღესასწაული დაეწესებინა.

მე-11 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერით, რომელიც შატბერდის მონასტერში გადაიწერა და შატბერდის კრებულის სახელით არის ცნობილი, შესულია თხზულება „წმინდა ნინოს ცხოვრება”, რომელიც წმინდა ნინოს მოახლოებული აღსასრულის აღწერით იწყება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები