გოჩა ენუქიძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულეშში ერთადერთი მოზამთრე ოჯახი მოინახულა და სასურსათო პროდუქტები და პირადი მოხმარების ნივთები მიუტანა
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულეშში იმყოფებოდა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ერთადერთი მოზამთრე ოჯახი მოინახულა და სასურსათო პროდუქტები და პირადი მოხმარების ნივთები მიუტანა.
გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ტყუპი ძმების, ილარიონ და ქელეშბი მუკბანიანების ოჯახი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულეშის ერთადერთი ოჯახია, რომელიც ზამთრობით სოფელში რჩება.
რამდენიმე წლის წინ მუკბანიანების ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა და დღემდე საკმაოდ მძიმე სოციალური პირობებში უწევთ ცხოვრება.
,,დღეს ტყუპ ძმებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვესტუმრე. სასურსათო პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები მივუტანეთ და მათ სოციალურ პრობლემებზე ვისაუბრეთ.
დღემდე ჩვენი რეგიონის ყველაზე რთულ გამოწვევად მიგრაცია რჩება. სოფელი ბულეშიც ამის ნათელი მაგალითია, ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი ხელისუფლების სწორი ქმედითი ნაბიჯებით მიგრაციის უწყვეტი ნაკადი შევაჩეროთ და, შესაბამისი პირობების შექმნით, ხელი შევუწყოთ მიგრირებული მოსახლეობის უკან, ჩვენი რეგიონის სოფლებში დაბრუნებას”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.