რაზე ისაუბრეს ილჰამ ალიევმა და მოჰამად ჯავად ზარიფმა
”მინდა, მოგილოცოთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს ტერიტორიის გამონთავისუფლება. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება რეგიონის ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და ნორმალური ურთიერთობის დამყარების დასაწყისი”, – ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ყველას ინტერესშია.
“თქვენი წინადადების შესაბამისად, ანუ თანამშრომლობის “3+3″ ფორმატში რეგიონის 6 ქვეყანას ვესტუმრები. ანუ 5-ს + ირანი. რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ყველას ინტერესშია. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ოკუპაციის დასრულების შემდეგ და მას შემდეგ, რაც დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ, ნორმალური ვითარება შეიქმნა და ირანს სურს ამ საქმეში წვლილი შეიტანოს. გარდა იმისა, რომ მეგობრები ვართ, ასევე უახლოესი მეზობლებიც ვართ. ტერიტორიების აღდგენის ნაწილში, რომლებზეც დევნილები დაბრუნდებიან, სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობა გვაქვს. ამ ხალხს თანამემამულეებად და ოჯახის წევრებად ვთვლით. ჩვენთვის პრიორიტეტული ისეთი საკითხებია, როგორიც არის რეკონსტრუქცია, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა. და ჩვენი კომპანიები მზად არიან შეუდგნენ მუშაობას”,- თქვა დიპლომატმა.
ზარიფმა ასევე თქვა, რომ ირანი მზად არის ითანამშრომლოს ჩრდილოეთ-სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთის დერეფნების პროექტებზე. ასევე საუბარი შეეხო, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე.
“მოხარულები ვართ, რომ ირანში აზერბაიჯანის ოფიციალური პირების სტუმრობის დროს ამ პროექტებთან დაკავშირებით უსწრაფესი წინსვლა მოხდა”, – თქვა ზარიფმა.