მამუკა მდინარაძე: პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა

“პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას.

„მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფარგლებში შეიკრიბება. საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც შემუშავდა და განხორციელდება მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. პარლამენტში უკვე დაჩქარებული წესით დაინიცირდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრის ან მკურნალობისთვის შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა. ამასთან, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ დაწესებულების დაშვებული შეცდომით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები