ზაალ უდუმაშვილი: სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პოლიტიკური პროცესები პარლამენტს გარეთ გადაინაცვლებს – ოპოზიცია ამისთვის ემზადება
პარლამენტი მიმდინარე კვირას ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს უყრის.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდებათ, პოლიტიკური პროცესები პარლამენტს გარეთ გადაინაცვლებს და ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს.
მისივე თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით მოლოდინები აღარ აქვს.
“მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით უკვე არავითარი მოლოდინი არ არსებობს. ორი თვეა, ველოდებით, როდის შეგვიწყვეტენ სადეპუტატო უფლებამოსილებას. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ამის შემდეგ ოფიციალურად გაფორმდება ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი. ბუნებრივია, ამის შემდეგ უკვე მთელი პოლიტიკური პროცესები და დატვირთვა პარლამენტს გარეთ გადაინაცვლებს, ამისთვის ოპოზიცია ემზადება. ოპოზიციურ პარტიებს ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება იმ მიმართულებით, თუ როგორ და რა გეგმით ვაპირებთ ბრძოლას იმის მისაღწევად, რომ რაც შეიძლება მალე დაინიშნოს ახალი არჩევნები”, – განაცხადა უდუმაშვილმა.