არჩილ თალაკვაძე: ვერცერთი პოლიტიკოსი, მათ შორის, ვერც უმრავლესობის წევრი ვერ მისცემს თავს უფლებას, რომ დავით გარეჯის საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს
“ვერცერთი პოლიტიკოსი, მათ შორის, ვერც უმრავლესობის წევრი ვერ მისცემს თავს უფლებას, რომ დავით გარეჯის საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმე ეროვნული მნიშვნელობის საკითხია, რასთან დაკავშირებითაც კითხვებს ობიექტური პასუხები უნდა გაეცეს.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან სერიოზული ახალი მტკიცებულებები, რომელიც კიდევ უფრო სერიოზულ წონას აძლევს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით. დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, შესაბამისად, აქ ობიექტური, მიუკერძოებელი პასუხები უნდა გაეცეს ამ კითხვებს, ეს უნდა გააკეთოს გამოძიებამ და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. ვერცერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ვერც უმრავლესობის წევრი ვერ მისცემს თავს უფლებას, რომ ამ საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.