თეა წულუკიანი: მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა, ეს გამარჯვება მივულოცო – ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ
“მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა, ეს გამარჯვება მივულოცო – ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დაღუპული გმირების ღირსებისთვის ბრძოლა გაგრძელდება ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე.
„მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა და დღეს ცოცხალია, ეს გამარჯვება მივულოცო. ასევე, ვინც აგვისტოს ომში ტერიტორიული მთლიანობისთვის ოჯახის წევრი, ჩვენი გმირები დაკარგეს, მინდა, გამარჯვება მივულოცო, ვანუგეშო და ვუთხრა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ და ვამბობთ, რომ მათი ინტერესებისა და ღირსებისთვის სამართლებრივი ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე“, – განაცხადა წულუკიანმა.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.