პუტინის ახალი გეგმა საქართველოს ტერიტორიების მისატაცებლად

რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშად დარღვევას აგრძელებს. ავტოკრატმა პუტინმა წელი „ნაყოფიერად“ დაიწყო. 2 იანვარს  პრეზიდენტმა დსთ-ის ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციისთვის თავისი სპეციალური წარმომადგენლის, მიხაილ პეტრაკოვის დანიშვნის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. დოკუმენტი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან პეტრაკოვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან „საზღვრების“ შეთანხმება მოუწევს. თუმცა, საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებთან დადებული თუ ზეპირად შეთანხმებული ნებისმიერი წინადადება ან დოკუმენტი  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვალიდურად ვერ ჩაითვლება.

საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ: „ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სრულად არ შესრულდება, რუსეთის ფედერაციას, ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. საზღვართან დაკავშირებით, არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, უკანონო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეს შეფასებული იქნება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების მორიგი ძალისმიერი მცდელობა.“ სამინისტროში ამბობენ, რომ რუსეთთან ვერანაირი საზღვრების დადგენაზე საუბარი ამ პირობებში ვერ მოხერხდება.

მიუხედავად იმისა, რომ პეტრაკოვის „მოღვაწეობის“ უკანონობა წინასწარვე ცნობილია, ყველამ ვიცით, რომ რუსეთის თანამედროვე იმპერიისთვის წესებს, რომელსაც მათ შორის თავად აწერს ხელს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.  საზღვრების დემარკაციაზე საუბარი გუშინ არ დაწყებულა, დიდი ხანია, ეს თემა განხილვის საგანია. ახლა განსხვავებული ის ხდება, რომ კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს უდიდესი პრობლემები შეუქმნა, რუსეთს კი შესანიშნავი შანსი მიეცა – ფულით ივაჭროს და ორივე რეგიონს ტერიტორიები ძალით დაათმობინოს.

გავიხსენოთ ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღას გარშემო მიმდინარე მოვლენები. 2013 წელს, სოჭის ოლიმპიადამდე რუსეთმა აფხაზურ სოფელში გზა გაიყვანა და სამხედროები განათავსა. საქმე ისაა, რომ აიბღა ფსოუს ზედა მონაკვეთში მდებარე სოფელია, რომელსაც მდინარე ორად ყოფს. ამგვარად, სოფლის ნაწილი ადლერის რაიონის ქალაქ სოჭის შემადგენლობაშია, ნაწილი კი – ოკუპირებული გაგრის რაიონის. სოფლის კუთვნილების საკითხი სადავო იყო რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საბჭოთა კავშირის პერიოდშიც. 1937 წლის რუკა, რომელზეც ასახულია, რომ სადავო სოფელი ნამდვილად საქართველოს ტერიტორიაა, კრემლის არქივში საგულადგულოდ ინახება და ოფიციალური მოსკოვი ქართულ მხარეს მასზე წვდომას არ აძლევს.

სოჭის ოლიმპიადამდე რუსეთმა აიბღა სრულად მისატაცებლად მოამზადა, რადგან ტერიტორიას სადაზვერვო თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. აფხაზები ამ ფაქტმა აღაშფოთა და სოფელიც მას შემდეგ დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. ახლა, როცა პუტინმა ახალი წარმომადგენელი დანიშნა, პანდემიით დამძიმებული მდგომარეობის ფონზე, გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლოა, აფხაზებს ტერიტორია ძალით დაათმობინონ. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის აშკარა ანექსიის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იქნება.

სოფელ აიბღასთან ერთად, მნიშვნელოვანია თრუსოს ხეობის ირგვლივ წლების წინ დაწყებული დეზინფორმაციის კამპანიაც გავიხსენოთ. საქმე ისაა, რომ საოკუპაციო ძალები საქართველოს ამ ტერიტორიას მოიხსენიებენ, როგორც აღმოსავლეთ ოსეთს და ცდილობენ, შექმნან ილუზია, რომ თრუსოც ოსეთის ნაწილია. ეს თამაში ცხინვალის რეგიონის მაგალითზე უკვე კარგად ვიცით. სახელი ხომ თითქოს უწყინარი დეტალია, არადა, თავის დროზე ცხინვალის რეგიონის „სამხრეთ ოსეთად“ გარდაქმნაც ასე დაიწყო. ახლა შესაძლოა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საზღვრების დემარკაციის უკანონო პროცესში თრუსოს ხეობის მიტაცებაც სცადონ.

როგორც ჩანს, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი რუსეთის ხარბი პრეზიდენტისთვის საკმარისი აღარ არის. საოკუპაციო ძალები ისედაც უკანონოდ ითვისებენ ახალ ტერიტორიებს, ახლა კი სპეციალურ წარმომადგენელ პეტრაკოვს პუტინის ბინძური მეთოდებით მიტაცებული ტერიტორიების „სამართლებრივ“ ჩარჩოში მოსაქცევად ნიშნავენ.

ცოტნე სალუქვაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები