თეა წულუკიანი: 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იტყვის, რომ საქართველო რუსეთთან მართალია და რომ ქართველებმა ეთნიკური წმენდა განიცადეს

“21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იტყვის, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების, მოკვდინების საკითხში და მრავალ სხვა საკითხში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, 200 ახალი მტკიცებულებაა წარდგენილი 2013 წლიდან. მისივე თქმით, ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც იტყვის, რომ ქართველებმა განიცადეს ეთნიკური წმენდა.

„დიდი პალატა იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს ვერდიქტი არ საჩივრდება, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, ანუ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც უნდა თქვას, ვინ არის აგვისტოს ომში მართალი. დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების, მოკვდინების საკითხში და მრავალ სხვა საკითხში, რომელზეც ჩვენ ვდავობდით. 200-ზე მეტი ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ 2013 წლიდან, მათ შორის, გორში ჩამოვარდნილი ისკანდერის სახით, რომელიც ქვეყნიდან იყო გატანილი და დავაბრუნეთ ორი წლის წინ, როგორც მტკიცებულება.

ზეგ, 21 იანვარს დგება სიმართლის დღე. დიდი იმედი მაქვს, რომ რასაც ახლა ვამბობ, სწორედ ასე გამართლდება და ჩვენ, ყველა ხელთ ჩავიგდებთ დოკუმენტს, რომელსაც დაეყრდნობიან მომავალი თაობებიც, თუკი ჩვენი თაობის სიცოცხლის განმავლობაში არ მოხერხდა დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც იტყვის, რომ ქართველებმა განიცადეს ეთნიკური წმენდა. რწმენა მაქვს, რომ ეს ასე იქნება, ეს იქნება სამართლებრივად გამყარებული საფუძველი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა. დღემდე ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტები, ეს იქნება პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, თუკი მართლაც ჩემი იმედები გამართლდა და საქართველომ გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები