შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი – 1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივლისში, ზ.ო.-მ და მისმა თანამზრახველებმა 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად, ვ.ტ. კლინიკაში გარდაიცვალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, ჯერ სამი პირი, ხოლო მომდევნო დღეებში კიდევ ერთი პირი დააკავა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს,”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.