14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება – “გამოვფინოთ დროშა და ამით გამოვხატოთ პატივისცემა მის მიმართ”

დღეს, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და მედიაჰოლდინგ „კვირას“ დამფუძნებელი, ქეთი ხოსიტაშვილი გამოვიდნენ ინიციატივით, დროშის დღეს აივნებიდან, სარკმლებიდან გადმოიფინოს დროშა და ამით გამოხატოს მოსახლეობამ პატივისცემა. ამ ინიციატივის შესახებ შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფოტოგრაფმა – გოგა ჩანადირმა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერმა – რუსუდან თევზაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ – მირიან ხოსიტაშვილმა განაცხადეს.

„2004 წელს ახალი სახელმწფო დროშა დამტკიცდა, ეს, ორგანული კანონის საფუძველზე, 17 წლის წინ, 14 იანვარს მოხდა. შესაბამისად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ დადგინდა. დროშა ჩემთვის ასოცირდება სახელმწიფოს თვითმყოფადობის ერთ-ერთ სახესთან, რადგან ესაა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლიკა. ჩვენი წინაპრები სახელმწიფო დროშის ღირსებას სახელმწიფოსთან ერთად იცავდნენ.

დღეს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის მძაფრად სახელმწიფო დროშის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს ღრმა პატივისცემა. მინდა, საქართველოში სახელმწიფო დროშის მიმართ პატივისცემა გაიზარდოს. ის არა მხოლოდ ჩემპიონებისთვის იწეოდეს მაღლა, არამედ თითოეული მოქალაქისთვის იმიტომ, რომ ამ დროშის ქვეშ სრულიად საქართველოა გაერთიანებული.
წელსაც გადავწყვიტეთ, აღვნიშნოთ დროშის დღე. მოვუწოდოთ განსაკუთრებულად კერძო პირებს – ჩვენი აივნებიდან, სარკმლებიდან გადმოვფინოთ დროშა. შევახსენოთ ერთმანეთს, რომ გვაქვს ფანტასტიკური ფორმის, შინაარსის დატვირთვის ხუთჯვრიანი დროშა. გამოვფინოთ დროშა და ამით გამოვხატოთ პატივისცემა მის მიმართ“, – განაცხადა გოგა ჩანადირმა.

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერის, რუსუდან თევზაძის განცხადებით, დროშისადმი პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენს მოქალაქეობასა და სახელმწიფოებრიობის განცდას განსაზღვრავს.

„14 იანვარს აღინიშნება საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე. ამ დღის აღნიშვნას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიც უერთდება. შარშანაც შევუერთდით, გარკვეული ტიპის ღონისძიებები ჩატარდა. წელს კი, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ ხერხდება დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება. ვწუხვართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მოგეხსენებათ, სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. მხოლოდ საუბარიც ძალიან მნიშვნელოვანია ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ სახელმწიფო დროშის დღეა, ძალიან მნიშვნელოვანია. დროშისადმი პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენს მოქალაქეობასა და სახელმწიფოებრიობის განცდას განსაზღვრავს.
სამწუხაროდ, ვერ შედგება გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც დაიგეგმა. ერთადერთი შესაძლებლობა, რაც დღეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გვაქვს, არის ის, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს პროფესიული ტელევიზია – Tafu Tv. აღნიშნულ პლატფორმაზე 14 იანვარს გავა გარკვეული ტიპის მიძღვნები და გადაცემები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის თქმით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახელმწიფო დროშის დარბაზია გახსნილი.

„მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ქართული თეატრი, გარკვეულწილად, ქართული იდენტობის გამომსახველი იყო. თითოეული დადგმული სპექტაკლი სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ქართულ, ეროვნულ მახასიათებელს ატარებდა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამ დღის აღნიშვნა სახელმწიფო დროშის დღესთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო დროშა არ უნდა აღვიქვათ მხოლოდ ამ ქვეყანაში მცხოვრები ერთი ეთნოსის დროშად. ცხადია, ეს დროშა ეკუთვნის ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. უნდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ კიდევ უფრო აქტიურად გამოხატონ პატივისცემა დროშისადმი, რაც გამოიხატება თუნდაც აივნიდან დროშის გადმოკიდებით“, – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები