ერდოღანი – გიორგი გახარიას: თქვენი ლიდერობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, გიორგი გახარიას ლიდერობით ორ ქვეყანას შორის მომავალშიც გაგრძელდება არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები.

„ბატონო პრემიერმინისტრო, ძვირფასო მეგობარო, პირადად ჩემი და თურქეთის მთავრობის სახელით გულითადად გილოცავთ წარმატებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ პრემიერმინისტრის საქმიანობის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში, რომელსაც მე ვაფასებ, როგორც შესაძლებლობების ფანჯრის გაღებას რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის თავიდან ჩამოყალიბების თვალსაზრისით, თქვენი ბრძნული ლიდერობით, მომავალშიც ყველა სფეროში გაგრძელდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა. დაე, ახალმა წელმა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს რეგიონს მოუტანოს მშვიდობა და სიკეთე”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები