პომპეო აცხადებს, რომ ირანი “ალ-ქაიდასთვის” საოპერაციო ბაზად იქცა – თეირანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სიცრუეში ადანაშაულებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანი ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდა”-სთვის თავშესაფარი გახდა და ის იმ საქმიანობას ეწევა, რასაც ავღანეთსა და პაკისტანში ახორციელებდა.
ამის შესახებ პომპეომ ვაშინგტონში ეროვნულ პრესკლუბში გამოსვლის დროს განაცხადა.
“ალ-ქაიდამ” ახალი საოპერაციო ბაზა მოიპოვა – ეს ირანის ისლამური რესპუბლიკაა. ეს ვიცით და ამას წინ უნდა აღვუდგეთ, ამ დაჯგუფებას დავამარცხებთ”, – თქვა პომპეომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანში “ალ-ქაიდას” ხელმღვანელობა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე ცხოვრობს, თეირანი მათთვის საოპერაციო ბაზაა, როგორც ეს ავღანეთში იყო.
მისივე თქმით, აღნიშნული აშშ-ის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა – მოჰამად ჯავად ზარიფმა “სიცრუე” უწოდა.
“პომპეო საკუთარ საცოდავ კარიერას ყალბი განცხადებებით ასრულებს”, – დაწერა ზარიფმა სოციალურ ქსელში.