ზურაბ ქადაგიძე – ბიძინა ივანიშვილზე: მან, როგორც ყველაზე პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ, დატოვა პოლიტიკა

„ბევრი იწერება და დაიწერება ბიძინა ივანიშვილის ფენომენზე, როგორც უანგარო ქველმოქმედ ადამიანსა და ყველაზე დიდ პოლიტიკოსზე საქართველოს უახლეს ისტორიაში,” – ამ სიტყვებით ეხმაურება ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი, ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უპრეცედენტოა მისი, როგორც ალტრუისტი ადამიანის საქციელი – საკუთარ სიცოცხლეშივე ქონების 95% გადასცე საქველმოქმედო ფონდს, რომელიც საქართველოს განვითარებასა და საზოგადოებრივ სიკეთეებს მოხმარდება.

მისივე თქმით, აქ ზედმეტია საუბარი. ყველაზე ადამიანური გამოხატულებაა მადლიერების გამოვლინება, რისთვისაც ქადაგიძე ივანიშვილს მადლობას უხდის:

„უპრეცედენტოა ბიძინა ივანიშვილის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული პერსონის როლი ქართულ პოლიტიკაში – მან საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან ერთად მოიგო სამი საპარლამენტო, ორი საპრეზიდენტო, ორი ადგილობრივი არჩევნები. საქართველო აქცია საპარლამენტო რესპუბლიკად. შეცვალა კონსტიტუცია, სადაც ეროვნულ ინტერესთა დონეზე გაამყარა ქვეყნის ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებები. მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ღირსეული წარმომადგენლის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ვიზალიბერალიზაციითა და ნატო-საქართველოს უპრეცედენტო დონის ურთიერთობით გამოიხატა. რუსული ოკუპაციის პირობებში, სადაც ყოველდღიური პროვოკაციებისა და „ბორდერიზაციის” დროს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახერხა სტაბილურობის შენარჩუნება განსაკუთრებით ისეთ რთულ, გეოპოლიტიკურ რეგიონში, რასაც კავკასია ეწოდება”, – აცხადებს ქადაგიძე.

ზურაბ ქადაგიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტორებს, რომლებიც, როგორც თავად აღნიშნა, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით განხორციელდა:

„სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა მოახერხა:

🔴 “ნაცმოძრაობის”, როგორც ყველაზე გარყვნილი რეჟიმის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან

🔴 2020 წელს ერთპროცენტიანი ბარიერული სისტემით არჩევნების ჩატარება, სადაც 9 სუბიექტმა და 14 პოლიტიკურმა პარტიამ მოახერხა საპარლამენტო მანდატის მოპოვება

🔴 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, რასაც ერთპარტიული მმართველობის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაყავს.

და ბოლოს, მან, როგორც ყველაზე პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ დატოვა პოლიტიკა, გაემიჯნა „ქართულ ოცნებას” და დასაბამი მისცა ახალ პოლიტიკურ რეალობას, სადაც სუფთა ფურცლიდან, სამართლიანი თამაშის წესების შესაბამისად ყველას მისცა შესაძლებლობა ემსახუროს საქართველოს”, – აღნიშნავს ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები