“როდესაც ვსაუბრობთ უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო საქმიანობაზე, დამეთანხმებით, ეს ნამდვილად უპრეცენდენტო მასშტაბის უნიკალური შემთხვევაა”, – ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ქონების დიდი ნაწილის გადაფორმებას.
მისივე თქმით, საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი “ქართუ” გააგრძელებს.
„ფონდი „ქართუ“ ძალიან დიდი ხანია, საქმიანობს. ეს არის განათლება, სოფლის მეურნეობა, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, ინფრასტრუქტურის მოგვარება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობას ამის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდა. გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ჩვენ ამ დღეებში შევიტყვეთ, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას ანალოგი არ აქვს. ადამიანი, ოჯახი, თავისი ქონების 95%-მდე საქველმოქმედო საქმიანობისთვის გადასცემს, ეს ხდება მაშინ, როდესაც თავად ოჯახი აქტიურია. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება და საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი „ქართუ“ გააგრძელებს, თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო საქმიანობაზე, დამეთანხმებით, ნამდვილად უპრეცენდენტო მასშტაბის უნიკალური შემთხვევაა. ალბათ, მსოფლიოში ძალიან გაგვიჭირდება ასეთი ტიპის შემთხვევების ნახვა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.